ტრანსცხიმები კარაქებში და სპრედებში
ქვემოთ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ერთ-ერთი მეწარმე არ ეთანხმება (იხ. ქვემოთ). მიმდინარეობს დამატებითი შემოწმება.
2015 წლის მაისის თვეში ტრანსცხიმების შემცველობაზე შევამოწმეთ 10 დასახელების სპრედი და მარგარინი. შემოწმებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში და ამიტომ გადავწყვიტეთ ბაზარზე არსებული სხვა სპრედებისა და კარაქების შემოწმებაც ტრანსცხიმებზე.
2015 წლის 8-9 ივნისს თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 20 დასახელების პროდუქტი (მაღაზია სმარტში : შატილი ნაღების კარაქი 82%; ნიკორაში: ჩვენი ფერმერის 2 დასახელების სპრედი და 2 დასახელების კარაქი; პროდმარტში: სამგორის 4 დასახელების პროდუქტი და კარაქი სანტინო; მაღაზია ნუგეშში: სამგორი სამარხვო და ნუგეში სპრედი საბუტერბროდე; ფუდმარტში SPAR: სანტე სამარხვო; გუდვილში - კარაქები ელისეევსკოე, ვალიო და პრეზიდენტი; ფუდმარტში: სპრედი გურჯაანი; ფუდმარტში "იოლი" - სანტე ტრადიციული და სანტე ევროპული).
პროდუქტებს მიენიჭათ პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ანალიზისათვის.
ლიტვის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით შემოწმებულ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობა ასეთია:
№ | პროდუქტის დასახელება | ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტის ცხიმში (100 გრამში) |
---|---|---|
1 | სანტე ტრადიციული კარაქი სპრედი 72% | 5.5 გრ |
2 | სანტე ევროპული 72,5% | 4.6 გრ |
3 | სანტე სამარხვო სპრედი მცენარეული 72,5% | 3.2 გრ |
4 | სანტინო ნაღების კარაქი 72,5% | 7.8 გრ |
5 | შატილი ნაღების კარაქი 82% | 5.4 გრ |
6 | გურჯაანი სპრედი 82,5% | 18.3 გრ |
7 | ჩვენი ფერმერი, ნაღების კარაქი 82,5% | 4.1 გრ |
8 | ჩვენი ფერმერი სპრედი 71,5% | 7.7 გრ |
9 | ჩვენი ფერმერი სპრედი 82,5% | 6.2 გრ |
10 | ჩვენი ფერმერი, ნაღების კარაქი 71,5% | 4.3 გრ |
11 | სამგორი სპრედი 72,5% | 0.3 გრ |
12 | სამგორი სპრედი | 1.9 გრ |
13 | სამგორი სპრედი 82,5% | 3.8 გრ |
14 | სამგორი ნაღების კარაქი 82,5% | 5.6 გრ |
15 | სამგორი სპრედი 72,5% | 1.5 გრ |
16 | ნუგეში სპრედი | 17.4 გრ |
17 | ელისეევსკოე კარაქი | 2.6 გრ |
18 | ვალიო ტრადიციული კარაქი 82% | 2.8 გრ |
19 | პრეზიდენტი კარაქი 82% | 2.7 გრ |
20 | სამგორი სამარხვო | 10.4 გრ |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ზოგიერთ ქართულ სპრედებში ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში საკმაოდ მაღალია (10-18%). ასეთი ცხიმების დიდი ოდენობით მიღება ჯანმრთელობისათვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. კერძოდ, შეფასებულია, რომ საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.
მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ მიუხედავად მათი მავნეობისა, ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საქართველოში დღესდღეობით ნორმირებული არ არის. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია ადამიანმა დღეში 2 გრამზე მეტი ტრანსცხიმი არ მიიღოს[CIT=მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ტრანსცხიმების მოხმარებამ დღიური ენერგეტიკული მოხმარების 1%-ზე მეტი არ უნდა შეადგინოს. ადამიანის დღიური ენერგეტიკული მოხმარება დაახლოებით 2000 კკალ-ს შეადგენს. შესაბამისად, მისი 1% ნიშნავს 20 კკალ-ს, რაც ცხიმის დაახლოებით 2,2 გრამს უდრის (1 გრამი ცხიმის ენერგეტიკული ღირებულებაა 9 კკალ).](*)[/CIT]. ამის გათვალისწინებით, მომხმარებლებს ვურჩევთ:
იმ სპრედების მოხმარება, რომელშიც ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში 10% და მეტი აღმოჩნდა, შეზღუდეთ დღეში 10-15 გრამამდე (სულზე)[CIT=60%-იანი სპრედის შემთხვევაში, რომლის ცხიმში ტრანს-ცხიმების შემცველობა 10%-ია, დასაშვებია დღეში 30 გრამი პროდუქტის მოხმარება (ერთ სულზე)](*)[/CIT].
--------------------------
ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა კომპანია "სანტეს" წარმომადგენელი და გვაცნობა, რომ ისინი არ ეთანხმებისნ კარაქ "სანტინოსთან" დაკავშირებით მოყვანილ შედეგებს. კერძოდ, კომპანია ითხოვს, რომ შემოწმდეს არა ტრანსცხიმების ჯამური შემცველობა პროდუქტში, არამედ მხოლოდ ხელოვნურად, მცენარეული ცხომებისგან მიღებული ტრანსცხიმების შემცველობა (ნატურალური რძე ბუნებრივად შეიცავს გარკვეული რაოდენობით ტრანს-ცხიმებს).
მეწარმის მოთხოვნის პასუხად იგეგმება "სანტინოს" კარაქის ხელახალი შემოწმება საფრანგეთის ლაბორატორიაში. მიმდინარეობს პროცედურა სინჯის გასაგზავნად. შედეგებს აქ გაცნობებთ.
-------------------------------
2015 წლის 20 ოქტომბერს "სანტე ჯი-ემ-თი" პროდუქტების წარმომადგენლისგან ელ-ფოსტაზე მივიღეთ შემდეგი წერილი:
წერილს თან ახლდა საფრანგეთის ლაბორატორიაში განხორციელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხები: 82% ცხიმიანობის კარაქი „სანტინო“ და 72,5% ცხიმიანობის კარაქი „სანტინო, რომელთა მიხედვით ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში 1%-ს არ აღემატება.
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია