Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

ქვეყნებს შორის ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი საფუძვლია. მსოფლიო ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორების შესამცირებლად 1995 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც დღეს უკვე 153 ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაციის მთავარი იდეა  წარმოშობის მიხედვით პროდუქციის დისკრიმინაციის აკრძალვაში მდგომარეობს. თუმცა მისი სრულფასოვანი განხორციელება, განსაკუთრებით ისეთ პროდუქციასთან დაკავშირებით, როგორიც სურსათია, დღესდღეობით ძალზე პრობლემატურია და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები და დებატები არ წყდება.

სურსათით ვაჭრობის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროდუქციას პირდაპირი და უშუალო გავლენა აქვს მის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე. ამიტომ მავნე პროდუქტის იმპორტმა მიმღები ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, და შესაბამისად მთლიანად ეკონომიკაც შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს. "სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ" შეთანხმების თანახმად ქვეყნებს აქვთ უფლება დააწესონ სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ზომები საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. თუმცა დაცული უნდა იყოს ორი პირობა: 1) ეს ზომა თანაბარი უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქტებისთვის; 2) ეს ზომა რისკის პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს.

შეთანხმება უფრო შორსაც მიდის და კონკრეტულ მიდგომას ადგენს სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულირების ზომების შესაფასებლად და ერთმანეთთან შესადარებლად. საქმე ისაა, რომ ქვეყნები განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ზრუნავს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მათ ვერ მოსთხოვს, რომ ნაკლებად ან მეტად იზრუნინ - ეს ამ ორგანიზაციის მანდატს სცდება. სამაგიეროდ, იგი ითხოვს, რომ  ქვეყნებმა თავის საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის დონე კონკრეტული, ციფრობრივი მაჩვენებლებით გამოხატონ. ამ მაჩვენებელს "სანიტარიული და ფიტოსანიტარიული დაცვის სათანადო დონე" ეწოდება. იმისთვის რომ ამ დონედ მიუღწევადი მაჩვენებელი (მაგალითად, დაავადებათა სრული მოსპობა) არ დადგინდეს, ქვეყანა ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მის მიერ დადგენილი რეგულირების ზომები ამ დონის მიღწევას რეალურად უზრუნველყოფს.

შეთანხმების მიხედვით, ყოველი ეს გათვლა და შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი მეთოდიკით უნდა ხორციელდებოდეს. სურსათის სფეროში ასეთ ორგანიზაციად დადგენილია "კოდექს ალიმენტარიუსი". სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების შესაფასებლად "კოდექს ალიმენტარიუსმა" შემდეგი მიდგომა დაადგინა:

რისკების ანალიზი სამი პროცესისგან შედგება: რისკების შეფასების, მართვისა და კომუნიკაციისგან:

რისკების შეფასება წმინდა მეცნიერული პროცესია. მასში მეცნიერები ან სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი და ობიექტური, ყოველგვარი პოლიტიკური ან სხვა გავლენისგან თავისუფალი. 

როგორც წესი, რისკის შეფასება შემდეგ სტადიებს მოიცავს: 

რისკების მართვა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესია. აქ მონაწილეობენ პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები. ისინი იყენებენ რისკების შეფასების მონაცემებს და სხვადასხვა მოსაზრებებზე (პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და სხვა) დაყრდნობითა და სხვადასხვა ინტერესების შეჯერების გზით იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ სურსათის წარმოება-დისტრიბუციის რეგულირების რა ზომა (და შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რა დონე) არის მიზანშეწონილი ან მიღწევადი (ამ ქვეყანაში, ამ კონკრეტულ ეტაპზე).

რისკის კომუნიკაცია ეს არის გამჭვირვალობა და ინფორმაციისა და მოსაზრებათა უწყვეტი ურთიერთგაცვლა, რომელიც ყველა აღწერილი პროცესის თანმდევი უნდა იყოს. საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს როგორც რისკების შესახებ ობიექტურ ინფორმაციაზე, აგრეთვე იმ მოსაზრებებზე, რომელთა გამო ამა თუ იმ თანამდებობის პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომელიმე რისკი არ შეამცირონ, ან პირიქით - შეამცირონ და ამ მიზნით მკაცრი რეგულირება დააწესონ.

 

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.