ნებისმიერ შეფუთულ სურსათს, რომელიც მიეწოდება მოხმარებელს, თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
- სურსათის დასახელება, მდგომარეობა (გამომშრალი, ღრმად გაყინული, კონცენტრირებული, შებოლილი, დასხივებული) და რაოდენობა;
- სურსათის ინგრედიენტების ჩამონათვალი. ანუ, რისგან დამზადდა სურსათი. აგრეთვე აუცილებელია იმ ინგრედიენტების რაოდენობის მითითება, რომელიც ხაზგასმულია დასახელებაში ან რომელიც ამ სურსათს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს;
- გამოყენებულია თუ არა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებები;
- მინიმალური ვარგისიანობის ვადა (Best before) ან დაშვებული გამოყენების ვადა (Use by). აგრეთვე შენახვის პირობები; სურსათის დამზადების თარიღის მითითება სავალდებულო არ არის, თუმცა უნდა მიეთითოს სურსათის გაყინვის (პირველი გაყინვის) თარიღი.
- ამ სურსათზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი; სურსათის დამზადების ქვეყანა უნდა მიეთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის მიუთითებლობა მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს.
- 2016 წლის 13 დეკემბრიდან აგრეთვე სავალდებულო გახდება სურსათის კვებითი ღირებულების აღწერა.
სავალდებულო ინფორმაცია უნდა იყოს იოლად შესამჩნევი, იოლად წასაკითხი და იოლად არ უნდა იშლებოდეს. ინფორმაცია არ უნდა იყოს რაიმენაირად დამალული, დაჩრდილული, ძნელად გასარჩევი ან გადაფარული/გაწყვეტილი სხვა წარწერებით ან სურათებით. სავალდებულო ინფორმაცია გადმოცემული უნდა იყოს ისეთი შრიფტით, რომელშიც ასო „x”-ის სიმაღლე 1,2 მილიმეტრი ან მეტია. შედარებით მცირე ზომის შეფუთვისათვის, რომლის ყველაზე დიდი ზედაპირი 80 სმ2-ს არ აღემატება, დასაშვებია გამოყენებული იქნეს შრიფტი, რომელშიც ასო „x“-ის სიმაღლე 0,9 მილიმეტრია.
მეწარმეს ცხადია შეუძლია ეტიკეტზე სხვა ინფორმაციაც განათავსოს. თუმცა ინფორმაცია სურსათის თაობაზე:
- უნდა იყოს სწორი, ერთმნიშვნელოვანი და იოლად გასაგები;
- არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი, განსაკუთრებით სურსათის ისეთ მახასიათებლებთან დაკავშირებით, როგორიცაა სურსათის ბუნება, შემადგენლობა, რაოდენობა, ვარგისიანობის ვადა, წარმომავლობა, წარმოების მეთოდი.
- არ უნდა მიაწერდეს სურსათს ისეთ თვისებებს, რომელიც პროდუქტს არ გააჩნია. არ უნდა უთითებდეს სურსათის რაიმე თვისების განსაკუთრებულობაზე, თუკი იგი ამ ტიპის ყველა პროდუქტს გააჩნია.
- არ მიუთითებდეს/ გულისხმობდეს, რომ ამ სურსათის გამოყენებით ადამიანი შეძლებს განიკურნოს ან თავიდან აიცილოს რაიმე დაავადება.
ეს მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, არამედ აგრეთვე შეფუთვის ზოგად შესახედაობას, ფორმას, შესაფუთ მასალას, აგრეთვე სურსათის წარდგენას - როგორ და სად არის სურსათი განლაგებული და სურსათის რეკლამას.
2014 წლის 13 დეკემნრიდან ძალაში შედის დამატებითი მოთხოვნა, რომელიც მომხმარებელს დაიცავს ისეთი შემთხვევებისგან, როცა მისთვის ჩვეული პროდუქტის შემადგენლობას მეწარმე მოულოდნელად ცვლის. ახალი წესით, ასეთი ცვლილების შემთხვევაში მეწარმე ვალდებული იქნება ეტიკეტზე, სურსათის დასახელებასთან, მკაფიო და შესამჩნევი მინიშნება გააკეთოს..
შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en
სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.
შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.
ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:
- სურსათის ძირითადი კანონი;
- სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
- სურსათის (არასაკვები) დანამატები;
- სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.