ევროკავშირში სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა ბიზნესი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ისინი ჩამოყალიბებულია ევროკავშირის 852/2004 რეგულაციის II დანართში და მოიცავს რამდენიმე ტიპის მოთხოვნებს. კერძოდ, ესენია:
- მოთხოვნები საწარმოს/ობიექტის ან მისი ცალკეული სათავსოების მოწყობისადმი. მაგალითად ასეთი: საწარმოს ტერიტორიაზე ობიექტების ადგილმდებარეობა, განლაგება, აღჭურვა და ზომა უნდა იძლეოდეს მათი რეგულარული შეკეთების, დასუფთავების და დეზინფექციის საშუალებას; საწარმოში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის საპირფარეშოები და ისინი სურსათის დამუშავების სათავსოებს უშუალოდ არ უნდა უკავშირდებოდეს; აგრეთვე უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ხელსაბანები, ცივი და ცხელი წყლით, საპნით და ხელის გაშრობის საშუალებებით; იმ სათავსოებში, სადაც სურსათი მზადდება, იატაკი, კედლები, კარები და სხვა ზედაპირები დამზადებული უნდა იყოს გლუვი მასალისგან, რომელსაც არ აქვს შეწოვის უნარი, ადვილად ირეცხება და ექვემდებარება დეზინფექციას. ფანჯრები, ჭერი და დანადგარები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გამოირიცხოს სადმე ჭუჭყის დაგროვება, ან კონდენსატის წარმოქმნა, ან ობის ზრდა; თუ ფანჯრები იღება, ისინი აღჭურვლი უნდა იყოს მწერებისგან დამცავი ბადეებით, რომელთა მოხსნა და გაწმენდა უნდა შეიძლებოდეს; სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები და ინვენტარი დამზადებული უნდა იყოს კოროზიამდგრადი და არატოქსიკური მასალისგან; საწარმოს ვენტილაცია და დრენაჟი მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ ჰაერი და სითხეები მოძრაობდეს უფრო სუფთა ტერიტორიიდან უფრო დაბინძურებულის მიმართულებით, მაგრამ არა პირიქით; უნდა არსებობდეს საკმარისი სათავსოები (თუ საჭიროა, მაცივრები) ნედლეულისა და დამუშავებული ან მზა სურსათის ერთმანეთისგან განცალკევებით შესანახად, და სხვა.
- მოთხოვნები საწარმოს ოპერირებისადმი. მაგალითად ასეთი: საწარმოს მთელი ტერიტორია, აგრეთვე ის შენობები და სათავსოები სადაც სურსათი მზადდება, უნდა იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში (არ საჭიროებდეს შეკეთებას), რეგულარულად სუფთავდებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია იმ სიხშირით, რაც აუცილებელია სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ასევე რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს ინსტრუმენტები, ხელსაწყოები და სხვა ინვენტარი. ნედლეული, შესაფუთი მასალა და სხვა ინგრედიენტები უნდა ინახებოდეს და გამოიყენებოდეს ისე, რომ მათი დაბინძურება ან გაფუჭება გამოირიცხოს, მ.შ. აუცილებელია ე.წ. „ცივი ჯაჭვის“ დაცვა. დროულად უნდა ხდებოდეს სურსათის ნარჩენების გატანა სურსათის მომზადების სათავსოებიდან და მოთავსება ცხოველებისა და მწერებისგან დაცულ დახურულ კონტეინერებში, რომლებიც აგრეთვე სათანადო სიხშირით უნდა იცლებოდეს, სუფთავდებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია. აღკვეთილი უნდა იყოს შინაური ცხოველების დაშვება საწარმოში. საწარმოს პერსონალს უნდა ეცვას სუფთა ტანსაცმელი (სასურველია სპეცტანსაცმელი), ზედმიწევნით უნდა იცავდეს პირად ჰიგიენას, უნდა იყოს ჯანმრთელი, არ იყოს სურსათით გადატანადი დაავადებების მატარებელი. სურსათთან შეხებაში მყოფი პირები უნდა გადიოდნენ რეგულარულ ინსტრუქტაჟს და წვრთნას სურსათის ჰიგიენის საკითხებში, და სხვა.
- მოთხოვნები გამოყენებული ნედლეულის ან მასალისადმი. მაგალითად ასეთი: სურსათთან შეხებაში მყოფი ან სურსათში დასამატებელი წყალი, ყინული ან ორთქლი უნდა წარმოადგენდეს სასმელი ხარისხის წყალს (გამონაკლისის სახით, დაუმუშავებელი ზღვის ცხოველები შეიძლება იმყოფებიდნენ უბრალოდ სუფთა წყალში); დაუშვებელია ისეთი ნედლეულის ან ინგრედიენტების გამოყენება, რომელიც გაფუჭებულია, ან დაბინძურებულია, თუკი ჩვეულებრივი დამუშავების შედეგად ამ საფრთხეების საიმედო განეტრალება არ ხდება; სურსათის შესაფუთ მასალად ან ტარად უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ისეთი მასალა, რომელიც სურსათის დაბინძურებას არ გამოიწვევს; მეორადი ტარა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მისი ადეკვატურად გასუფთავება და დეზინფექცია, და სხვა.
უფრო რბილი მოთხოვნებია დადგენილი ე.წ. პირველადი წარმოებისთვის (ანუ ფერმებისთვის). ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია 852/2004 რეგულაციის I დანართში.
მაგალითად, ცხოველის ფერმებისთვის ასეთი მოთხოვნებია დადგენილი:
- ყველა ობიექტი, მოწყობილობა, ხელსაწყო, კონტეინერი, მანქანა-დანადგარი შენარჩუნებული უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში და საჭიროების მიხედვით ჩაუტარდეს დეზინფექცია;
- შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაკლავი ცხოველის სისუფთავე;
- გამოყენებული უნდა იყოს სუფთა ან სასმელი წყალი;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობა და მინიმალური განათლება ჯანმრთელობის რისკების თაობაზე;
- შეძლებისდაგვარად აღკვეთილი უნდა იყოს ცხოველების ან პარაზიტების მიერ გამოწვეული დაბინძურება;
- ნარჩენები და საშიში ნივთიერებები შენახული/განთავსებული უნდა იყოს ისე, რომ დაბინძურება გამოირიცხოს;
- სწორად იყოს გამოყენებული ცხოველების საკვებდანამატები და ვეტპრეპარატები;
- გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველებისთვის ჩატარებული ანალიზების შედეგები;
- სიფრთხილე უნდა იყოს დაცული ახალი ცხოველების შეძენისას და ყოველგვარი საეჭვო დაავადების აღმოჩენის თაობაზე ეცნობოს სათანადო ორგანოებს.
- ფერმის ოპერატორი ვალდებულია ჩაიწეროს და შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:
- ცხოველებისთვის მიწოდებული საკვების სახე და წარმომავლობა;
- გამოყენებული ვეტპრეპარატები;
- ცხოველების მიერ გადატანილი დაავადებები;
- ჩატარებული ანალიზები ან შემოწმებები და მათი პასუხები.
თუმცა, თუ ფერმაში ცხოველებს არა მარტო ზრდიან, არამედ წველიან კიდეც, მაშინ საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი ჰიგიენის, არამედ ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვაც, მაგალითად ასეთის:
- წველის პროცესში მონაწილე პერსონალს უნდა ეცვას სუფთა ტანსაცმელი, ზედმიწევნით იცავდეს პირად ჰიგიენას, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების და მკლავების დაბანის საშუალება;
- მოწველის წინ ცხოველის სარძევე ჯირკვალი და მიმდებარე ქსოვილები უნდა გასუფთავდეს;
- ობიექტზე უნდა არსებობდეს განცალკევებული სათავსო რძის შესანახად, მაცივრით. მოწველისთანავე რძე გადატანილი უნდა იყოს ამ სათავსოში და გაგრილდეს 6-8ºC ტემპერატურამდე;
- რძის ტრანსპორტირებისას „ცივი ჯაჭვი“ შეუფერხებლად უნდა შენარჩუნდეს ისე, რომ პროდუქტის ტემპერატურა 10ºC-ზე მაღალი არ იყოს;
- ყოველი ძროხისგან აღებული რძე უნდა შემოწმდეს ორგანოლეპტიკურად ან ფიზიკო-ქიმიურად. გარდა ამისა, რეგულარულად უნდა ხდებოდეს რძის მიკრობიოლოგიური შემოწმება;
და სხვა.
კონკრეტული ქვეყნის პირობებთან ადაპტაციის მიზნით, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეარბილონ რეგულაციით დადგენილი ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ეს ცვლილება, როგორც წესი, უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საწარმოს შენობა-ნაგებობების, საწარმოო პროცესების განაწილება-განთავსების ან მოწყობილობისადმი მოთხოვნების შერბილებით. თუმცა, თუკი საქმე ეხება სურსათის წარმოების გადამუშავების ან დისტრიბუციის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებას, ან ისეთ საწარმოებს, რომელიც, გეოგრაფიული თვალსაზრისით, რთულ რეგიონებშია განთავსებული, ადაპტაციის ზომები შეიძლება ჰიგიენის სხვა მოთხოვნებზეც გავრცელდეს. მაგალითად, შესაძლოა გაუქმდეს იატაკის, კედლებისა და ჭერის სიგლუვისა და კოროზიაგამძლე მასალისგან დამზადების მოთხოვნა და დაიშვას მიწის ან ქვის ზედაპირები. შესაბამისად, დასაშვებია დასუფთავებისა და დეზინსექციის ღონისძიებათა შერბილება და მათი სიხშირის შემცირება ადგილობრივი ფლორის შესანარჩუნებლად. ასევე დაიშვება მოთხოვნათა შერბილება იმ მასალისადმი, რომლისგანაც დამზადებულია ასეთ საწარმოებში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობა. თუმცა ინსტრუმენტების სისუფთავისა და მოწყობილობის გამართულობის მოთხოვნები ყოველთვის ძალაში რჩება.
შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en
დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:
- ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი.
- სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
- სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.
- სურსათის (არასაკვები) დანამატები;
სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.
შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.