Warning: exif_imagetype(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 109 Warning: getimagesize(http://momx.design.ge/assets/images/logo_1024x1024.png): failed to open stream: No connection could be made because the target machine actively refused it. in D:\wwwroot\momx.design.ge\httpdocs\index.php on line 111

არის სიტუაციები, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ერთბაშად ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს და სწრაფად სჭირდება ენერგიის მიღება ან აღდგენა. ენერგიის ყველაზე სწრაფი აღდგენის წყაროს მონოსაქარიდი გლუკოზა წარმოადგენს. ამ ნივთიერებას არ სჭირდება კუჭ-ნაწლავში მონელების პროცესი. ლორწოვან გარსზე მოხვედრისთანავე გლუკოზა შეიწოვება სისხლში, იქიდან კი მთელ ორგანიზმში ნაწილდება და „დამშეულ“ კუნთებს ან ტვინის უჯრედებს კვებავს. ამიტომ გლუკოზით ადამიანის გამოკვება გლუკოზის ხსნარის არა მხოლოდ დალევით, არამედ სისხლძარღვში ინექციით არის შესაძლებელი.

ბუნებრივი საკვებიდან, სუფთა სახით, გლუკოზას მხოლოდ ხილის წვენები და თაფლი შეიცავს. უფრო ხშირად „სწრაფი ენერგიის“ წყაროდ ჩვენ შაქარს (საქაროზას) ვიყენებთ, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის ნაერთია. ორგანიზმი უჯრედების გამოსაკვებად ამ ნივთიერებას უშუალოდ არ იყენებს, მაგრამ კუჭში იგი ძალზე სწრაფად იშლება, ხოლო გამოთავისუფლებული გლუკოზა მაშინვე სისხლში ხვდება და „დამშეული“ უჯრედებისკენ მიექანება. ამიტომ შაქარიც „სწრაფი ენერგიის“ წყაროს წარმოადგენს.

ნახშირწყლები, როგორც „სწრაფი ენერგიის“ წყარო, იმდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რომ საკვებში მათ ამოსაცნობად ადამიანს პირში სპეციალური სენსორები აქვს. სწორედ მათი საშუალებით ვგრძნობთ საკვების სიტკბოს და განსაკუთრებით ვეტანებით ტკბილეულს სტრესის დროს - ალბათ გასაგებია რატომ, არა? „დასტრესილ“ ნერვულ უჯრედებს ხომ სწრაფი გამოკვება სჭირდება! ამიტომ სტრესის დროს ადამიანს შივდება და იგი „სწრაფ ენერგიას“ ეძებს.

თუმცა, ტკბილ საკვებს თავისი მინუსები აქვს. ჯერ ერთი, ეს არის „სუფთა“ კალორიები, ხშირად სხვა საჭირო და სასარგებლო ნივთიერებების გარეშე. გარდა ამისა, სწრაფი დაკმაყოფილების გრძნობა, რომელიც ასეთ საკვებს მოაქვს, დამაწყნარებლად მოქმედებს ადამიანზე და ნერვიულობის დროს ჩვენ საჭიროზე მეტად ვეტანებით ტკბილეულს, ისე რომ ორგანიზმს ზედმეტი შაქრის მონელების პრობლემა უდგება. ჯანმრთელი ორგანიზმი მას გარდაქმნის ცხიმებში და ადამიანი სუქდება. დასუსტებულ ორგანიზმში კი ზედმეტი შაქარი დიაბეტის განვითარების წინაპირობა შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, შაქრით იკვებებიან ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირში ბინადრობენ და კბილების მინანქარს აზიანებენ. ამიტომ ზედმეტ ტკბილეულს უნდა მოვერიდოთ.

ადამიანმა შაქრის კიდევ ერთი საინტერესო თვისება აღმოაჩინა - პროდუქტში მისი დიდი რაოდენობა პროდუქტის კონსერვაციას, ანუ შენახვას უწყობს ხელს. ეს იმიტომ ხდება, რომ შაქრის მაღალი კონცენტრაცია თრგუნავს პროდუქტში არსებული მიკროორგანიზმების განვითარებას და პროდუქტი აღარ ფუჭდება. სწორედ ამიტომ ინახება დიდხანს თაფლი, მურაბა, კანფეტი. თუმცა თუ შაქრის კონცენტრაცია 60%-ზე დაბალია, მაგალითად წვენებში ან ნამცხვრებში, - იგი პირიქით იდეალური საკვებია მიკროორგანიზმებისთვის და ასეთი პროდუქტები ძალიან მალე ფუჭდება (მჟავდება).