ოკოლადი სრესილი კაკაოს მარცვლებისა და შაქრისგან მომზადებული ტკბილი მასაა. იგი არა მარტო შაქარს, არამედ ცხიმებსაც (კაკაოს ზეთს) შეიცავს, ამიტომ შოკოლადი არა მხოლოდ „სწრაფი“, არამედ „გრძელვადიანი“ ენერგიის წყაროა. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ნახშირწყლებს, მიკრო და მაკროელემენტებს, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოფეინი და თეობრომინი. შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებენ ადამიანს, ზრდიან მის შრომისუნარიანობას, ხსნიან დაღლილობის შეგრძნებასა და სტრესს, აუმჯობესებენ მახსოვრობას, დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ თეობრომინი საწამლავია ცხოველებისთვის და აღნიშნულია ამ ნივთიერებით მოხუცი ადამიანების მოწამვლის შემთხვევებიც. ამიტომ შოკოლადის მოხმარებისას ჯობს ზომიერება დაიცვათ - 25-50 გრამი დღეში ნამდვილად უსაფრთხო დოზაა.
შოკოლადის შენახვის ვადა 16-21°C ტემპერატურაზე 1-დან 10 თვემდეა. ამაზე უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შოკოლადი მოთეთრო შეფერილობას იღებს. მაღალ ტემპერატურაზე დნება შოკოლადში შემავალი კაკაოს ზეთი, გამოდის ზედაპირზე და თეთრ ცხიმოვან ნადებს (ნაფიფქს) წარმოქმნის; მაცივარში შოკოლადის შენახვისას კი შოკოლადში შემავალი შაქარი კრისტალდება, რაც შოკოლადის მთელ მასაში თეთრ წინწკლებად ჩანს. გათეთრებული შოკოლადი მავნე არ არის, უბრალოდ არასასიამოვნოა.
გაითვალისწინეთ: სასარგებლოა მხოლოდ ნამდვილი შოკოლადი. ამიტომ შოკოლადის შეძენისას კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. გაითვალისწინეთ:
- ნამდვილია შოკოლადი, რომელიც დამზადებულია არა კაკაოს ფხვნილისგან (cocoa, cocoa powder, cacao, cocoa solids), არამედ უშუალოდ სრესილი კაკაოსგან (cocoa mass), რომელსაც, თხევადი კონსისტენციის გამო, ხშირად შოკოლადის ლიქიორსაც (chocolate liquor, cocoa liquor) უწოდებენ. შეეცადეთ ასეთი შოკოლადი შეიძინოთ.
- ლეციტინის შემცველობა შოკოლადში საშიში არ არის, იგი უვნებელი ბუნებრივი ემულგატორია და შოკოლადის მასას მეტი ერთგვაროვნებისათვის და ტემპერატურისადმი მეტი მდგრადობისთვის ემატება.
- შოკოლადი, რომელიც შეიცავს სოიოს, ან რაიმე ცხიმს, კაკაოს ზეთის გარდა, დაბალი ხარისხის პროდუქტია. მის შეძენას არ გირჩევთ.
კაკაოს ფხვნილის ფალსიფიკაციის გავრცელებული მეთოდებია მისი ჩანაცვლება კაკაოს ფერის მქონე შემდეგი პროდუქტებით:
- კაკაოს მარცვლების გადამუშავების ნარჩენით, ე.წ. კაკაო-ველას ფხვნილით. კაკაო-ველა წარმოადგენს კაკაოს მარცვლების ნაჭუჭს. ხშირად მას ბაღის ბილიკების მოსაკირწყლად ან სასუქად იყენებენ. თუმცა არ არის გამორიცხული მისი ფხვნილის დამატება კაკაოში, იაფფასიანი შოკოლადის ან მინანქრის მისაღებად. ჯანმრთელობისთვის მავნე ეს ფხვნილი არ არის.
- ტროპიკული მცენარის კერატის ხის (Cepatonia siliqua) ლობიოსმაგვარი ნაყოფის ფხვნილით - კერობით. არც ეს ფხვნილი არის მავნე, ის მოტკბოა, არ შეიცავს კოფეინს და თეობრომინს, საკმაოდ დიდი ოდენობით (8%) შეიცავს ცილებს, აგრეთვე შეიცავს ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. ამიტომ ბავშვთა და დიეტურ კვებაში კაკაოს ჩანაცვლება კერატით რეკომენდებულიც კი არის. თუმცა, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული.
ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ჩვენი პუბლიკაცია.