ხორცს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის კვებაში. იგი წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. ხორცზე ადამიანის მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, შესრულებული სამუშაოს ხასიათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ხორცის მეტად მცირე რაოდენობით მიღების ან რაციონიდან სრული ამოღების შედეგად ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება რიგი შეუცვლადი ამინომჟავების, აგრეთვე D და B2 ვიტამინების დეფიციტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის მოშლა, ძვლების სიმყიფე, იმპოტენცია. ხორცის ნაკლებობა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში და მოზარდებში. თუმცა, ამავე დროს, ხორცის გადამეტებული მოხმარებაც არ არის ადამიანისთვის სასურველი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პირებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებით (განსაკუთრებით მოხუცებს).
საკვებად ჩვენ ძირითადად ვიყენებთ საქონლის, ღორის, ცხვრისა და ფრინველის ხორცს. ხორცის კვებითი ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ცხოველის ასაკზე, განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება ხბოსა და 5 წლამდე საქონლის, 7-10 თვის ღორის, 1-2 წლამდე ცხვრის ხორცი.
საქონლის ხორცის შეთვისების უნარიანობა დაახლოებით 83%, კუნთოვანი ქსოვილის ცილებისა კი -- 92.4-97.5% ფარგლებში მერყეობს. ყველაზე კარგად შეითვისება ღორის ქონი, ხოლო ყველაზე ცუდად -- ცხვრის.
ახალდაკლული ხორცი ადამიანის ორგანიზმის მიერ შედარებით ცუდად შეითვისება. გაცილებით სასარგებლოა და უკეთ შეითვისება +1 - +4 გრადუსამდე გაგრილებული 24-36 საათის ნაკლავი.
გაყინული ხორცი სითხისა და სასარგებლო ნივთიერებათა დიდ ნაწილს კარგავს. ამიტომ მისი კვებითი ღირებულება ნაკლებია.