:ცხოვრების ტემპის ზრდასთან ერთად, ჩვენთან სულ უფრო მტკიცედ მკვიდრდება ე.წ. „დასავლური ცხოვრების წესთან“ დაკავშირებული კვებითი ჩვევები. მათ შორის ე.წ. „სწრაფი კვების“ პრინციპი. მართლაც, როდესაც გშია, სახლში ჯერ კიდევ ვერ მიდიხარ და თანაც იქამდე შორია, ძნელია აუარო გვერდი ხაჭაპურით, ფუნთუშებითა და ღვეზელებით სავსე თაროებს, შაურმის სასიამოვნო სუნს და ა.შ.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექიმები კარგა ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწრაფი კვების პროდუქტების ანუ ე.წ. „ქუჩის პროდუქტების“ რეგულარული მოხმარება ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. რასაკვირველია, თანამედროვე ადამიანისათვის ძნელია მთლიანად აუკრძალოს საკუთარ თავს „ქუჩის საკვების“ გამოყენება, მაგრამ მის ძირითად საკვებად გადაქცევა ნიშნავს გაწიროთ თავი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისათვის. თუ თქვენ „ქუჩის პროდუქტებს“ თვეში ერთხელ ან ორჯერ მიირთმევთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე სერიოზულად არ აისახება, თუმცა მოწამვლა ერთ ჯერზეც შესაძლებელია.
პირველ რიგში ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება იწვევს წონის მატებას, ვინაიდან ამ ტიპის საკვებით ადამიანის ორგანიზმი ჭარბად იღებს რაფინირებულ ნახშირწყლებს (აღნიშნულ საკვებში ცომეულისა და შაქრების ჭარბად არსებობის გამო) და ცხიმებს. ეს პროდუქტები ძალიან ღარიბია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. ჩვენ მხოლოდ დროებით ვაჩერებთ შიმშილის გრძნობას, რომელიც ნახევარ საათში ისევ გვიბრუნდება.
როგორც წესი, სწრაფი კვების პროდუქტებს მივირთმევთ ფეხზე, სიჩქარეში, მოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების დაღეჭვას წესიერად ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში ხვდება დაუღეჭავად დიდი ნაჭრების სახით. კუჭის ასეთ არასწორ მუშაობას მივყავართ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
განსაკუთრებით დიდ ზიანს ორგანიზმს აყენებენ ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც „მდიდარია“ ეს პროდუქტები. განსაკუთრებით კი ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომლებსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ.
სამწუხაროდ, ხშირად სწრაფი კვების ობიექტებში მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც პროდუქტს ამზადებენ. მრავალჯერ და დიდი პერიოდის განმავლობაში გაცხელების შედეგად მცენარეულ ზეთებში წარმოიქმნება არა მარტო ტოქსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები (აკრილამიდი, ჰეტეროციკლური ამინები, პეროქსიდები), რომლებიც საკმაოდ ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდნენენ -- ქოლესტერინის დონის მომატება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის იშემიური დაავადებები, ონკოლოგიური, ნერვული სისტემის პრობლემები, უშვილობა, შაქრის დიაბეტი.
„ქუჩის პროდუქტების“ კიდევ ერთი პრობლემაა მარგარინი, რომელიც გამოიყენება საკმაოდ ფართო ასორტიმენტის (ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრებისა და სხვა) მოსამზადებლად. სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენება ძალზე იაფიანი მარგარინი, რომელშიც შესაძლოა ადამიანისთვის საკმაოდ მავნე ნივთიერების, ე.წ. ტრანსცხიმების მაღალი შემცველობა იყოს. ტრანსცხიმები ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელებას და შეთვისებას, ხელს უწყობს მთელი რიგი პათოლოგიების განვითარებას.
თუ თქვენ მაინც გიწევთ „ქუჩის პროდუქტების“ მოხმარება, გაითვალისწინეთ:
- ეცადეთ არ იკვებოთ მაღალცხიმიანი პროდუქტებით. ზეთში შემწვარ ღვეზელებს ამჯობინეთ ღუმელში გამომცხვარი ღვეზელი, ფენოვან ხაჭაპურს - იმერული, ვინაიდან მათში ცხიმის შემცველობა ბევრად უფრო დაბალია;
- ყურადღება მიაქციეთ კვების ობიექტის სანიტარიულ მდგომარეობას, დარწმუნდით რომ საკვებს შესაბამის პირობებში ამზადებენ და ინახავენ;
- ხშირად არც თუ ისე კარგი ხარისხის დასაფარად „ქუჩის საკვები“ უხვად არის გაჯერებული სანელებლებით, მაიონეზით, კეტჩუპითა და სხვა სოუსებით. იყავით ფრთხილი ასეთი შეზავებული საკვებისადმი;
- ნებისმიერი საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ, განსაკუთრებით „ქუჩის პროდუქტები“, ამით თქვენ ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ მდგომარეობას თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას.