თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი ოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.
სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ბაზარზე ფალსიფიცირებული თაფლი იყიდება. ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:
- გამჭვირვალობა: თაფლის ფერი სხვადასხვა შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვისა -- ქარვისფერი, იონჯისა თითქმის უფერო, წაბლისა -- ყავისფერი). ნამდვილი თაფლი აუცილებლად გამჭვირვალეა, თუკი დაწყებული არა აქვს ჩაშაქრება (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება). თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და, თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.
- არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და არც ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არა აქვს
- გემო:ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, არამედ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს. შაქრიანი თაფლის გემო ახლოსაა შაქრიანი წყლის გემოსთან.
- სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება -- თაფლი ნატურალურია;
- კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, იგი შეიწოვება კანის მიერ. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;
- წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას ქაღალდზე დააწვეთებთ, სველ ლაქას არ წარმოქმნის. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს. შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია - დარბილდება.
კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის ამოსაცნობად:
- ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) „ძაფი“, რომელიც დიდხანს არ წყდება და, თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;
- გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და ნალექს არ წარმოქმნის. ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;
- წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს ცეცხლი წაუკიდეთ. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;
- თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი. თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა, თაფლი ნატურალურია;
- ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;
- გაავარვარეთ ნემსი და ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებოვანი მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.
თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ დიდი იშვიათობაა, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა რჩება თხევადი გაზაფხულამდე. ძირითადად, თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან შაქრის ვაჟინით ფუტკრების გამოკვებით მიღებული. შესაძლოა თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სასარგებლო თვისებები ასეთ თაფლს აღარა აქვს.
თაფლის შენახვა და მოხმარება:
თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან მომინანქრებულ, თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში იგი შესაძლებელია წლების განმავლობაში შეინახოს.
მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათის განმავლობაში მზეზე გაჩერების შემდეგ მასში ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი იშლება.
არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის, უმინანქარო ჭურჭელში, ვინაიდან იგი მასთან რეაქციაში შედის და მომწამლავ მარილებს წარმოქმნის. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში შევინახოთ.
თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა. ამიტომ:
- ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;
- ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.
თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არაუმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.
სამწუხაროდ გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები ისპობა.
ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ჩვენი პუბლიკაცია.