სურსათის მიკრობიოლოგიური ნორმები
სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მასში მიკროორგანიზმების არსებობა. უვნებელია მხოლოდ ის სურსათი, რომელშიც ადამიანისთვის მავნე მიკროორგანიზმები არ არის.
სურსათის მიკრობიოლოგიური უვნებლობის ერთიან ნორმებზე მსოფლიოს ქვეყნები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ - ანუ ერთიანი საერთაშორისო ნორმები დადგენილი არ არის. ასეთ პირობებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ითხოვს, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული ნორმები თავად ამ ქვეყნებმა დაასაბუთონ. ანუ, ქვეყანას უნდა შეეძლოს განმარტოს, თუ ადამიანთა რომელი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული ესა თუ ის მიკრობიოლოგიური ნორმა და მოსახლეობის ავადობის რა დონეს უზრუნველყოფს ამ ნორმის დაცვა. თუ ნორმა ამგვარად დასაბუთებული არ არის, ამ ქვეყანაში სურსათის შემომტან ქვეყანას შეუძლია იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების განხილვის ორგანოში გაასაჩივროს.
დღეისათვის საქართველოში სურსათის უვნებლობის ნორმები რეგულირდება „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტითა“ (ამოქმედდა 2016 წ. ივლისიდან) და „სანიტარული ნორმებით და წესებით“. პირველი ევროკავშირის შესაბამისი ნორმების ანალოგია, ხოლო მეორე ყოფილი საბჭოთა „სანპინების“ გადმოქართულებული ვერსია და არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს ასახავს და არც სურსათის წარმოება-დისტრიბუციის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და რეალობებს. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი 2016 წლამდე სურსათის უვნებლობის ნორმების განმსაზღვრელი ერთადერთი დოკუმენტი იყო და თანამედროვე ნორმებით ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულა.
აუცილებელია, რომ სურსათის უვნებლობის ნორმები რომელიმე ქვეყნის ან თუნდაც ევროკავშირის ნორმების უბრალო თარგმანი კი არ იყოს, არამედ ამ კონკრეტული ქვეყნის რეალობაზე, ადამიანთა ავადობის დინამიკაზე და კვების თავისებურებებზე იყოს მორგებული და პრაქტიკულად ემსახურებოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, საქართველოში სურსათით გამოწვეული დაავადებების ზუსტი აღრიცხვა და კვების თავისებურებების შესწავლა ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს.
ევროკავშირში დადგენილი სურსათის მიკრობიოლოგიური ნორმები აქ მხოლოდ იმის სამაგალითოდ მოგვყავს, თუ რამდენად არის ისინი მორგებული ევროკავშირის მოსახლეობის ჯანმრთელობის კონკრეტულ საფრთხეებს და სურსათის წარმოებისა თუ გადამუშავების სპეციფიკას.
-------------------------------------------------------
1990-იანი წლების ბოლოს ევროკომისიამ თავის დამხმარე სამეცნიერო კომიტეტებს დაავალა გამოეყოთ ის დაავადებები, რომელთა გავრცელების წყაროსაც სურსათი წარმოადგენდა და რომელიც ევროკავშირისთვის (იმ პერიოდისთვის) პრიორიტეტული იყო. 2000 წელს ერთ-ერთმა კომიტეტმა ასეთი დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც ევროკავშირისთვის პრიორიტეტული 4 ბაქტერია მიუთითა:
- სალმონელა;
- კამპილობაქტერი;
- ვეროტოქსინის წარმომქმნელი „ე-კოლი“;
- ლისტერია.
საგულისხმია, რომ 2005 წელს ევროკავშირის მიერ დადგენილ სურსათის უვნებლობის მიკრობიოლოგიურ ნორმებში ამ ოთხი პრიორიტეტული ბაქტერიიდან მხოლოდ ორი - სალმონელა და ლისტერია მოხვდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დანარჩენ ორ ბაქტერიასთან დაკავშირებით (იმ ეტაპზე) მეცნიერებმა ვერ შესთავაზეს ევროკომისიას ისეთი ნორმები, რომელთა დაცვა, ადამიანთა ავადობის შემცირების თვალსაზრისით, რეალურ შედეგს მოიტანდა. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მდგომარეობაა და ამ ორი ბაქტერიისგან მოსახლეობის დაცვის ზომების მოძიება გრძელდება. 2011 წელს ევროპის სურსათის უვნებლობის უწყებამ კამპილობაქტერიოზის რისკების ძალზე დეტალური და საინტერესო სამეცნიერო შეფასება მოამზადა და ევროკომისიას დაავადების შემცირების სხვადასხვა ზომები შესთავაზა. ამჟამად ევროკომისიაში მიმდინარეობს კამპილობაქტერით დაბინძურების შემცირების ამ შემოთავაზებული ზომების ხარჯთეფექტურობის შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიმღებებს ყველაზე ეფექტური ზომის არჩევისა და მისი განხორციელების განრიგის დადგენის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ მოხდება სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შერჩევა და დაწესება.
დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:
- ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი.
- სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
- სურსათის (არასაკვები) დანამატები;
- სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.
სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.
შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.