მიკოტოქსინები
შხამიანი სოკოების შესახებ ხომ ყველას გვსმენია? მაგრამ ყველამ არ ვიცით, რომ ობიც სოკოა და ისიც შეიძლება შხამიანი იყოს. ობის შხამი ადამიანს ერთბაშად არ კლავს, მაგრამ ჯანმრთელობას უზიანებს და დროთა განმავლობაში სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
ობის შხამებს „მიკოტოქსინები“ ჰქვია. მათ შორის ყველაზე ძლიერია ე.წ. აფლატოქსინი (Aflatoxin). იგი იწვევს ღვიძლის დაზიანებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და კიბოს. ამ შხამს წარმოქმნის ფართოდ გავრცელებული ობის სოკო ასპერგილუსის ზოგიერთი სახეობა. ასპერგილუსი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ვითარდება: მარცვლეულზე, ხილსა და ბოსტნეულზე (მათ შორის ჩირებზე, სუნელებზე), თხილეულზე, მზესუმზირაზე, თამბაქოზე, ჩაისა და ყავაზე და ა.შ. ობის სოკო ამ პროდუქტებზე ნიადაგიდან ხვდება და შეიძლება განვითარდეს მოსავლის აღებამდეც და მერეც - უკვე აღებული მოსავლის ან დამუშავებული პროდუქტის შენახვისას.
ასპერგილუსი მიწის თხილის გულზე
აფლატოქსინის შემცველი პროდუქტები მავნეა არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც. მაგალითად, 1962 წელს ინგლისში 100 ათასი ინდაური დაიხოცა იმის გამო, რომ ფრინველთა საკვები ასპერგილუსით დაბინძურებულ მიწის თხილს შეიცავდა. საგულისხმოა, რომ აფლატოქსინი ძროხის საკვებიდან რძეშიც გადადის.
ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დადგენილია აფლატოქსინის უსაფრთხო (დაშვებული) დონეები სასურსათო პროდუქტებში. თუკი ეს დონე გადაჭარბებულია, პროდუქტი უნდა განადგურდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია გასაყიდ პროდუქტებში უსაფრთხო დონის გადაჭარბების შემთხვევები, განსაკუთრებით თხილებში, ლეღვის ჩირში, ხმელ წიწაკებში.
რჩევა მომხმარებელს:
- მოერიდეთ დაობებულ პროდუქტებს! არ მიირთვათ პროდუქტი, რომლის ნაწილი დაობდა, ან რომელიც დაობებულ პროდუქტთან ერთად ინახებოდა!
- თხილეული, მზესუმზირა, ყავა მოხმარების წინ ჯობს მოხალოთ - რიგი მონაცემების მიხედვით, ამ დროს აფლატოქსინების დიდი ნაწილი იშლება.