ინტერნეტის მომხმარებელს საქართველოში შემდეგი უფლებები აქვს:
1. უფლება ინფორმაციაზე. კერძოდ უნდა არსებობდეს უფასო, 24-საათიანი ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებელს შეეძლება უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- ინტერნეტკავშირის სიჩქარე და ღირებულება;
- მომსახურების მოწოდებისა და მიღების წესები. რა ზომებს გაატარებს მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ ამ წესების დარღვევის შემთხვევაში;
- მომსახურების საფასურის გადახდის ფორმები, საშეღავათო სისტემა;
- ინტერნეტით მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის მიზეზები და ხანგრძლივობა;
- მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისათვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობები;
თუკი მომსახურების პირობები იცვლება, ინტერნეტის პროვაიდერმა ამის შესახებ უნდა გაცნობოთ სულ ცოტა 10 დღით ადრე. თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება, თქვენ ამის შესახებ წინასწარ (ამ მომსახურების მოწოდებამდე) უნდა გაცნობონ.
2. უფლება მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
ინტერნეტით მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიღებული „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესებით“.
3. ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილი ხარისხის მომსახურება მომხმარებელს მიაწოდოს უწყვეტად და შეუფერხებლად. თუმცა შესაძლებელია, მომსახურება შეიზღუდოს მიმწოდებლის მოწყობილობის დაზიანების გამო. როგორც წესი, ასეთი შეზღუდვის შესახებ მომხმარებელს 3 დღით ადრე უნდა აცნობონ, თუმცა გასაგებია, რომ თუ დაზიანება ფორსმაჟორით ან ვინმეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით არის გამოწვეული, ამის შესახებ წინასწარ ვერ გაცნობებენ. რაც შეეხება დაზიანების აღმოფხვრის ვადებს, ისინი დეტალურად გაწერილია და დაზიანების სხვადასხვა სახეობისთვის იცვლება 3 სთ-დან 160 საათამდე.
4. ინტერნეტის მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის უნდა შეიტანოს საჩივარი:
- ინტერნეტპროვაიდერის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა ინტერნეტპროვაიდერს უნდა ჰქონდეს შექმნილი;
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელსაც აგრეთვე გააჩნია მომხმარებელთა ინტერესებისა და საზოგადოებრივი დაცვის სპეციალური სამსახური;
- სასამართლოში.
საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის. თქვენ შეგიძლიათ საერთოდ არ მიმართოთ ინტერნეტპროვაიდერს და პირდაპირ შეიტანოთ საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში. ინტერნეტპროვაიდერს უფლება არ აქვს საჩივრის გამო ინტერნეტით მომსახურება შეგიწყვიტოთ.
საჩივრისთვის რაიმე სპეციალური ფორმა დადგენილი არ არის. მთავარია, იგი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
- საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
- ინტერნეტ-პროვაიდერის ოფიციალური დასახელება და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
- მოთხოვნა;
- გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.