ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.გასაყიდად გამოტანილი სურსათი უვნებელი უნდა იყოს.
სურსათის დისტრიბუტორები (მაღაზიები, ბაზრები, რესტორნები, კაფეები და სხვა) ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი უვნებელი იყოს . ეს იმას ნიშნავს, რომ უვარგისი სურსათი არათუ არ უნდა მოგყიდონ, არამედ ასეთი სურსათი სუპერმარკეტის თაროზე ან ბაზრის დახლზე საერთოდ არ უნდა მოხვდეს.
თუკი ეს მაინც მოხდა, ანუ თუკი თქვენ მაღაზიაში აღმოაჩინეთ ვადაგასული, გაფუჭებული ან სხვა მხრივ უვარგისი სურსათი, ან ასეთი სურსათი მოგყიდეს, ან მოგიტანეს რესტორანში ან კაფეში:
- პირველ რიგში გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას: არ მიირთვათ სურსათი, რომლის უვნებლობაშიც ეჭვი გეპარებათ;
- აცნობეთ უვარგისი სურსათის შესახებ მაღაზიის, რესტორნის პერსონალს. არ არის გამორიცხული, რომ მათ ამის შესახებ უბრალოდ არ იცოდნენ და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად;
- თუკი უვარგისი სურსათი ამ მაღაზიაში პირველად არ შეგხვდათ, თქვენი მოქალაქეობრივი ვალია აცნობოთ ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 01,რათა მან სასწრაფოდ შეამოწმოს ეს ობიექტი. ამით თქვენ ამ მაღაზიისა, თუ კაფის მომავალ მომხმარებლებს მოწამვლას გადაარჩენთ. არ დაიზაროთ. თუნდაც უბრალოდ აღწერეთ, რა შეგემთხვათ აქ, კომენტარებში. ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ უვარგისი სურსათი რაც შეიძლება მალე იქნეს ამოღებული გაყიდვიდან.
რაც შეეხება სურსათში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ეს ყოველთვის იოლი არ არის. სურსათი ხომ ძალზე მალფუჭებადი პროდუქტია. თუ იგი თქვენ მაღაზიიდან გაიტანეთ, ზოგჯერ საკმაოდ რთულია დაამტკიცოთ, რომ იგი თქვენს ხელში არ გაფუჭდა. სტანდარტული პროდუქტების შემთხვევაში, ასევე, ხშირად რთულია იმის დამტკიცება, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი თქვენ სწორედ ამ მაღაზიაში შეიძინეთ (გვერდით მაღაზიაში ხშირად ზუსტად ასეთივე შეფუთვის პროდუქტი იყიდება). თუმცა გონიერი მეწარმე, კლიენტის შენარჩუნების მიზნით, მას უვარგის სურსათში გადახდილ ფულსაც დაუბრუნებს და ბოდიშსაც მოუხდის. თუ იგი ასე არ მოიქცა, უბრალოდ ნუღარ შეხვალთ ამ მაღაზიაში თუ რესტორანში. თქვენს ნაცნობებსაც იგივე ურჩიეთ.
და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის შესახებ დაწერეთ აქ. აღწერეთ რა შეგემთხვათ, სად, როდის. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს. ურჩიეთ, რომელ მაღაზიაში ღირს შესვლა და რომელში - არა. რომელ რესტორანში იყო საღი საჭმელი და რომელში - საეჭვო. რაც ნაკლები ადამიანი მოტყუვდება, მით უფრო ჯანსაღი გახდება კონკურენცია სასურსათო ბაზარზე. ამის შედეგად კი გასაყიდი სურსათის ხარისხიც თანდათან ყველგან გაუმჯობესდება. შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ პროცესში!