იპოთეკური სესხი[1]
ამ სესხით შეიძლება ისარგებლონ ფიზიკურმა პირებმა, რომელთაც გააჩნიათ სტაბილური, დოკუმენტურად დადასტურებადი ფიქსირებული შემოსავალი, რომელიც მიიღება შრომის ანაზღაურების საიჯარო გადასახადის ან დივიდენდის სახით.
სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს დასაკრედიტებელი უძრავი ქონება, რომელიც უნდა იყოს მსესხებლის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრება.
სესხის მოქმედების განმავლობაში, სესხის თანხის შესაბამისად, უზრუნველყოფის ობიექტის დაზღვევა კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა.
სამომხმარებლო სესხი
ამ სესხით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სტაბილური, დოკუმენტურად დადასტურებადი ფიქსირებული შემოსავალი გააჩნიათ, რომელიც მიიღება შრომის ანაზღაურების, საიჯარო გადასახადის ან დივიდენდის სახით.
როგორც სხვა სესხის შემთხვევაში, ბანკები სესხის მოცულობას და ყოველთვიურად შესატან თანხას აქაც მსესხებლის შემოსავლების მიხედვით განსაზღვრავენ. მაგალითად, თუ დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი შეადგენს თვეში 800 ლარს, სესხის დასაფარ თანხად შეიძლება განისაზღვროს თვეში 800*30%= 240 ლარი.
სესხის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში) შესაძლებელია ოჯახის კუთვნილი პირადი ნივთებით (ტექნიკა, ავეჯი), ავტომანქანით ან უძრავი ქონებით.
თუ უზრუნველყოფის ობიექტს წარმოადგენს მანქანა ან უძრავი ქონება, სესხის მოქმედების განმავლობაში იგი დაიზღვევა სულ ცოტა სესხის თანხაზე მაინც.
თუ სესხის თანხა დიდი ოდენობისაა, სესხის მოქმედების სრულ პერიოდზე ბანკმა შესაძლებელია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაც კი მოითხოვოს.
როგორც წესი, თუ საქმე დიდ თანხას არ ეხება, ბანკები სამომხარებლო სესხის გაცემისას უზრუნველყოფას არ ითხოვენ.
საკრედიტო ხაზი
ამ ტიპის სესხის უპირატესობებია:
- შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
- მხოლოდ ათვისებულ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა;
- ხაზის ათვისების პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა.
მეტი სიცხადისთვის მოვიყვანთ მარტივ მაგალითს. თუ გჭირდებათ 30 000 ლარი, ნებისმიერი მიზნით (ბინის რემონტი, მანქანა, აგარაკი, ან სხვა) და დაგიმტკიცდათ საკრედიტო ხაზი, შეგიძლიათ:
- აითვისოთ დამტკიცებული თანხა ეტაპობრივად ან სრულად;
- პირველ წელს გადაიხადოთ მხოლოდ სესხის პროცენტი;
- უკვე დაფარული თანხა აითვისოთ ხელახლა;
- შეიტანოთ პირველი წლის განმავლობაში თანხა წინსწრებით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
ამასთან, პირველადი ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ათვისების პერიოდის გაგრძელება რამდენჯერმე, თითო-თითო წლით შეგიძლიათ. ხოლო, ათვისების პერიოდის ამოწურვის შემდეგ, თქვენს მიერ ათვისებული თანხა სტანდარტულ სესხად გარდაიქმნება და თანაბარ გადახდებად გაწერილი სესხის დაფარვის გრაფიკი შედგება.
ამ სესხის უზრუნველსაყოფად ძირითადად მსესხებლისა, ან მისი ოჯახის წევრების უძრავი ქონება მოითხოვება. ბანკები, ასევე, ითხოვენ, როგორც სიცოცხლის, ისე ქონების დაზღვევასაც.
თუ მსესხებელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული, სესხის მისაღებად საჭირო საკმარისი შემოსავლები, სესხის მიღება შესაძლებელია თანამსესხებლის (თავდებობაში მდგომი პირი) მეშვეობით. თანამსესხებელმა დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს თავისი შემოსავლები.
ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი სესხი. იგი პლასტიკური ბარათის (ან უბრალოდ ანგარიშის) მფლობელს შესაძლებლობას აძლევს ბანკის მიერ დაშვებული ლიმიტის ფარგლებში ისარგებლოს ბანკის ფინანსური რესურსით და გახარჯული თანხა მოგვიანებით დაფაროს. ოვერდრაფტის პროცენტის გადახდა ხდება მხოლოდ რეალურად დახარჯული თანხიდან. მაგალითად, კლიენტი შეიძლება სარგებლობდეს ოვერდრაფტით, რომელიც გულისხმობს 1 წლის განმავლობაში 1000 ლარის ნებისმიერ მომენტში მიღების უფლებას. რეალურად მომხმარებელმა მხოლოდ 500 ლარი აითვისა და თანხა 2 კვირაში დააბრუნა. ასეთ შემთხვევაში კლიენტი მხოლოდ 500 ლარის 2 კვირით სარგებლობის პროცენტს გადაიხდის.
ოვერდრაფტის მიზნობრიობა შეუზღუდავია და უზრუნველყოფა არ მოითხოვება. როგორც წესი, ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა ერთი თვის ხელფასის 80%-ს შეადგენს. მაგალთად, თუ თქვენი ხელფასი ყოველთვიურად 1000 ლარია, თქვენი ოვერდრაფიტით მისაღები თანხა 8000 ლარი შეიძლება იყოს. თუმცა, შესაძლებელია შედარებით უფრო გაზრდილ ლიმიტზე მოხდეს ბანკთან შეთანხმება; ხოლო თუ თქვენ სხვა სესხიც გაგაჩნიათ, მაშინ ოვერდრაფტის თანხა ხელფასის 50%-ს შეიძლება შეადგენდეს.
განვადება
ეს არის სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის (მათ შორის, ავტომობილის) შეძენის სწრაფი და მარტივი გზა. განვადების გაფორმება ბანკში მიუსვლელად, სწრაფი განვადების სისტემაში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში ბანკის წარმომადგენლის მიერ ხდება.
განვადების მიღება სტაბილური შემოსავლის მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. უმეტესწილად, შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება არ მოითხოვება, თუ საქმე არ ეხება ძვირადღირებულ ნივთს, მაგალითად ავტომობილს.
ავტომობილის განვადებით ყიდვის შემთხვევაში, მოითხოვება მსესხებლის თანამონაწილეობა დაახლოებით 30%-ის ოდენობით. მაგალითად, თუ შესაძენი ავტომობილის ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს, ბანკის მიერ გამოიყოფა სესხი 7000 ლარის ოდენობით.
ავტოგანვადების უზრუნველოფას თვითონ შესაძენი ავტომობილი, ან სხვა უძრავი ქონება წარმოადგენს. თუ უზრუნველყოფის ობიექტი ავტომანქანაა, სესხის მოქმედების განმავლობაში ბანკი ითხოვს მისი საბაზრო ღირებულების ფარგლებში დაზღვევას. შესაძლოა ბანკი აგრეთვე დაგთანხმდეთ მანქანის დაზღვევას საკრედიტო თანხის ფარგლებში, ანუ 10 000 ნაცვლად, 7000 ლარის ღირებულებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მანქანის არასრული ღირებულებით დაზღვევის შემთხვევაში, როგორც წესი, სადაზღვევო პირობები გაუარესებულია. იგულისხმება, რომ ზარალის მთლიანი ანაზღაურების ნაცვლად, შესაძლოა სადაზღვევო კომპანიამ მოახდინოს ზარალის 7/10 ოდენობით ანაზღაურება (თუ დამატებით სხვა დაქვითვები არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული).
წყარო: გზამკვლევი. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისი, 2013 წ.