მსოფლიო გამოცდილებით, ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენებაა. ამ პრობლემას აშშ-სა და ევროკავშირში ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიაქციეს ყურადღება. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 5000 ხანძარი ჩნდებოდა, რასაც დაახლოებით 1150 ადამიანის დაზიანება და 170 ადამიანის სიკვდილი მოჰყვებოდა. ამ საფრთხის შესამცირებლად აშშ-ში აკრძალეს ისეთი სანთებელების გაყიდვა, რომელთა ანთებაც მცირეწლოვან ბავშვებს შეეძლოთ. ამან ხანძრებისა და მათგან გამოწვეული ზიანის 60%-ით შემცირება გამოიწვია. მოგვიანებით ასეთივე აკრძალვა დაწესდა ევროკავშირის ქვეყნებში.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება სანთებელების კონტროლი დაეწესებინა, რაც 2018 წლიდან ამოქმედდა. კერძოდ, დასაშვებია მხოლოდ ისეთი სანთებელას გაყიდვა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის (4.3 წელი) ბავშვის მიერ. ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი კი დაევალა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთი სანთებელების ბაზრიდან ამოღება, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.
საქართველოში გახშირებული ხანძრების ფონზე, ვფიქრობთ გამართლებულია ისეთი ზომის მიღება, რომლებიც ხანძრის საშიშროებას შეამცირებს. ასე რომ, თუ წააწყდებით ისეთ სანთებელას, რომელიც ადვილად არ ინთება, იცოდეთ, რომ ეს შეიძლება არა ტექნიკური წუნი იყოს, არამედ უსაფრთხოების ზომა. ამავე დროს, თუკი ნახავთ, რომ იყიდება ისეთი სანთებელა, რომლის ანთებაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია, ეს სავარაუდოდ, კანონდარღვევაა. გთხოვთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ასეთი ფაქტების შესახებ აცნობოთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამით თქვენ საკუთარ თავსა და სხვებსაც ხანძრისაგან დაიცავთ.