ხშირად ხდება, რომ ნივთების, განსაკუთრებით კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას, გამყიდველი სრულად არ/ვერ გვაწვდის ინფორმაციას ნივთის თვისებებთან და გამოყენების წესებთან დაკავშირებით. ამის გამო, მყიდველი/მომხმარებელი თავს მოტყუებულად გრძნობს. სამწუხაროდ, საქართველოში გასაყიდი ნივთისა, თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაცემის საკითხი ჯერჯერობით სათანადოდ არ არის მოწესრიგებული.
სამოქალაქო კოდექსი (მუხლი 318) ითვალისწინებს იმ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისათვის ამა თუ იმ საქონლისა, თუ მომსახურების შეძენისას. კონკრეტული მოთხოვნები ზოგიერთ პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით გაწერილია ამავე კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებში. ისინი ეხება, ტურისტულ მომსახურებას, ტვირთის გადაზიდვას, დაზღვევას, სურსათს დასხვა. თუმცა, მრავალი სახის პროდუქტსა, თუ მომსახურებაზე მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება ამ რეგულაციებს მიღმაა დარჩენილი.
პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი შეძენის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ესა თუ ის ნივთი ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. მაგალითად, სურდა მშრალი ყინვის მაცივარი და შეიძინა სხვა; უთოს არ აღმოაჩნდა დაორთქვლის ფუნქცია, მტვერსასრუტს სჭირდება ფილტრის გამოცვლა, და ა.შ. მსგავს შემთხვევებში მაღაზია უკან არ იბრუნებს ან არ ცვლის ნივთს, ვინაიდან იგი ნაკლოვანი არ არის.
ასე რომ, გირჩევთ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისას განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ. დასვით კითხვები გამყიდველთან, რათა მიიღოთ ამომწურავი პასუხები; წაიკითხეთ ინსტრუქტია; არ შეიძინოთ ნივთი მანამ, სანამ არ დარწმუნდებით რომ ესა თუ ის მოდელი, მისი თვისებები, თუ მუშაობის ტექნიკა, თქვენთვის მისაღებია.