2019 წლის თებერვალში იურიდიული კონსულტაციისთვის მომხმარებელმა მოგვმართა. აღმოჩნდა, რომ მას კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების თაობაზე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული თბილისში მოქმედ, ერთ-ერთ სამკურნალო-ესთეტიკურ ცენტრთან და ამ ხელშეკრულების გაუქმება სურდა.
კერძოდ, მომხმარებელმა დადო ხელშეკრულება კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებაზე და ბანკის განვადების მეშვეობით გადაიხადა 1 100 ლარი. თუმცა, პირველივე საცდელი, უფასო პროცედურის შემდეგ, გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია და მკურნალობა დასჭირდა.
მომხმარებელმა სამკურნალო-ესთეტიკურ ცენტრს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, ცენტრმა თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა და მომხმარებელს ალტერნატიული პროცედურები შესთავაზა. რამდენიმე კვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მომხმარებელმა იურიდიული კონსულტაციისთვის ჩვენ მოგვმართა.
მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, შევადგინეთ წერილი, სადაც ჩამოყალიბებული იყო მოქალაქის მოთხოვნა და ექიმის ცნობასთან ერთად მომხმარებელს აღნიშნულ სამკურნალო-ესთეტიკურ ცენტრში გავაგზავნინეთ. წერილში ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ცენტრს არ ჰქონდა უფლება თანხის დაბრუნებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მომხმარებელს ფასიანი მომსახურება არ მიუღია.
მომართვის შედეგად, სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრი დათანხმდა ხელშეკრულების შეწყვეტაზე და 1 100 ლარი უკან დაუბრუნა მომხმარებელს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს: დაიცავით საკუთარი, კანონით მონიჭებული უფლებები! ნუ მისცემთ კომპანიებს უფლებას ისარგებლონ თქვენი გამოუცდელობით და შეცდომაში შეგიყვანონ! ნუ გადაიხდით ფულს მომსახურებაში, რომელიც არ მიგიღიათ, ან/და რომელმაც საფრთხე შეუქმნა თქვენს ჯანმრთელობას!